„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის „რკინის გუმბათზე“ წარმატებული შეტევა განახორციელეს

12:16, 22.10.2024

„ჰეზბოლამ“ ისრაელის ქალაქ თელ ავივზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ლიბანური დაჯგუფება ამტკიცებს, რომ წარმატებული შეტევა განახორციელა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემზე – „რკინის გუმბათზე“.

„ჰეზბოლაში“ ასევე აცხადებენ, რომ თანამედროვე სისტემის რაკეტებით დაბომბეს „სტელა მარისის“ საზღვაო ბაზა, რომელიც მდებარეობს ისრაელის ქალაქ ჰაიფას ჩრდილო-დასავლეთით. ლიბანური დაჯგუფების მტკიცებით, ისრაელის სამხედროებმა კონფლიქტის ესკალაციის საპასუხოდ თელ ავივში საგანგებო ზომები გამოაცხადეს.

„ჰეზბოლას” განცხადების თანახმად, თელ ავივის გარეუბანში ასევე დაიბომბა სამხედრო დაზვერვის განყოფილების, 8 200-ის გლილოტის ბაზა.

ისრაელის მედია იუწყება, რომ ლიბანიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის მიმართულებით – ხუთი, ჩრდილოეთ რეგიონების მიმართულებით კი 15 რაკეტა ისროლეს. ისრაელის მედია წერს, რომ ქალაქ ჰაიფას სამხრეთ რაიონში რაკეტების ნამსხვრევებმა ავტომობილები და შენობა დააზიანა.

მსგავსი