ბრაზილიაში ადამიანებით მოვაჭრე, ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაბანდისტი დააკავეს
ბრაზილიაში საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაბანდისტი, ადამიანებით მოვაჭრე დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საიფულა ალ-მამუნი წარმოშობით ბანგლადეშიდან არის. ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ კონტრაბანდისტის დასაკავებლად ოპერაცია სან-პაულუში ჩაატარა. ოპერაციის ფარგლებში კი ამერიკის შეერთებული შტატების საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურებთან თანამშრომლობდა.
საიფულა ალ-მამუნის წინააღდეგ ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, ფედერალურმა პოლიციამ ბრაზილიის სხვა ქალაქებში კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც კონტრაბანდისტის დანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები.
„როიტერის“ ცნობით, საქმის ფარგლებში ბრაზილიის პოლიციამ სან-პაულუში 42 საბანკო ანგარიში გაყინა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიშებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდნენ.
როგორც ცნობილია, წარმოშობით ბანგლადეშელი სააფულა ალ-მამუნი ბრაზილიაში ექვსი წლის წინ ჩავიდა და სან-პაულუს შემოგარენში ცხოვრობდა. აღნიშნული დასახლებები კი მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილს სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები ბრაზილიაში ჩაჰყავდა. საიდანაც მათ ცენტრალური ამერიკის სახიფათო მარშრუტით ამერიკის შეერთებულ შტატებში უშვებდა. ამის სანაცვლოდ კი თითოეული ადამიანისგან 12 ათას დოლარს იღებდა.