ბრალდებული თეიმურაზ ჩოჩუა - ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად
რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს, – ამის შესახებ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„რაც ეხება ჩემს დახმარებას ამ პროცესში, მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას, ამიტომ გავემგზავრე თბილისიდან.
რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფიგურირებდა თანხა, პირველი ჩავაყენებდი საქმის კურსში ჩემს ხელმძღვანელს და საგამოძიებო ორგანოებს. ეს იყო ერთადერთი შანსი, რომ სწორად მოვქცეულიყავი.
ამგვარი შეტევები ჩემზე მიმდინარეობს ორი წელია, ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი შემოდის და ვითომ ინვესტორი და მშენებელი, მიწყებს მოლაპარაკებებს ვითომ რაღაცაზე, ვაგდებ ოთახიდან ამ ადამიანებს.
ორი წელია მაქსიმალურ სიფრთხილეს და მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ. რაც ეხება წყალტუბოს, ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ოთხი წელი ვიყავი იქ, ავაშენე უამრავი რამ, პრომეთეს მღვიმე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ინვესტორს, რომ როგორმე წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ არის ჩემი დანაშაული, მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.
მინდა ბოდიში იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედავთ, მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, იმ ადამიანებს, ვინც ჩემი რეკომენდატორები არიან. ცხოვრებაში ავტომანქანის მართვისას სიჩქარე არ გადამიჭარბებია, კანონით ვცხოვრობ. მე ჩემ ოჯახს ვერ შევარცხვენ, ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად, მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით“,- განაცხადა ბრალდებულმა.
წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისა და ვაკის გამგებლის მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს.
სუს-მა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე 25 იანვარს დააკავა. ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით კი ვაკის გამგებლის მოადგილე 26 იანვარს დააკავეს.