ბრალდების მხარემ 7 ნოემბრის საქმეზე ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა დააყენა
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარემ 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობიდან ნიკა გვარამიას აცილების შუამდგომლობა დააყენა.
ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, რომ ნიკა გვარამია 7 ნოემბრის მოვლენებში იყო ჩართული.
„ჩვენი შუამდგომლობა აცილების ემყარება შემდეგ საფუძველს. ხსენებულ საქმეზე, რომელიც ეხებოდა 7 ნოემბრის მოვლენებს, პროკურორის სტატუსით ამ საქმეებში ჩართული იყო ნიკა გვარამია. ჩართული იყო კონტრდაზვერვის წარმომადგენლების გაგზავნაში „ტელეიმედში“. 7 ნოემბრის ღამე, როცა დარბევა ხდებოდა, გვარამია, იმჟამინდელი გენპროკურორის მოადგილე ლაცაბიძეც იმყოფებოდნენ მოდულში, საიდანაც ნიკა გვარამიამ და პროკურატურის ხელმძღვანელებმა გასცეს მითითება და გამომძიებლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე „იმედში“ შევიდნენ, გამოაძევეს ჟურნალისტები. ასევე, შალვა ნათელაშვილისა და გამსახურდიას საქმეები, აგენტობას რომ აბრალებდნენ, ამ მასალებსაც გვარამია გადიოდა, ჩართული იყო, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ გაიმართა ეს პროცესები. ის არის ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
საპასუხოდ, ნიკა გვარამიამ პროკურორს მიმართა.
„აზრზე არ ხარ, რას ლაპარაკობ. ყოფილი პროკურორი შენ ხარ აქ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჯარჯი წიკლაურმა კი აღნიშნა, რომ დაუშვებელია ნიკა გვარამიას ამ საქმეში ჩართვა.