რამდენიმე თვის წინ, ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტაში ასობით სპილოს გაურკვეველ ვითარებაში დახოცვის მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი ტოქსინები გახდა. ამის შესახებ ბოტსვანის ველური ბუნების დეპარტამენტი იუწყება.
სამხრეთ აფრიკის ამ ქვეყანაში სპილოების უდიდესი პოპულაცია ბინადრობს მსოფლიოში, დაახლოებით 130 000 ინდივიდი. მარტის შემდეგ, თითქმის 300 სპილო მკვდარი იპოვეს.
ეროვნული პარკის ხელმძღვანელობამ გამორიცხა ციმბირის წყლული და ბრაკონიერები, რადგან სპილოების ეშვები ადგილზე ხელუხლებლად იყო.
ბოტსვანის ველური ბუნებისა და პარკების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კირილ ტაოლოს განცხადებით, სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული პირველად ანალიზებს დასკვნითი ხასიათი არ ჰქონდა და ტესტების ჩატარება კვლავ გრძელდება.
„თუმცა, ზოგიერთ პირველად შედეგზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპილოების დახოცვა ბუნებრივმა ტოქსინებმა გამოიწვია, მაგრამ საბოლოო დასკვნა ჯერ არ გვაქვს“, — ამბობს იგი.
მისივე განმარტებით, ზოგიერთ ბაქტერიას შხამის წარმოქმნა ბუნებრივად შეუძლია, განსაკუთრებით კი დამდგარ წყალში.
მთავრობის მონაცემებით, დაიხოცა 281 სპილო, დამოუკიდებელმა კონსერვაციონისტებმა კი 350-ზე მეტი მკვდარი სპილო იპოვეს.
ორგანიზაცია „სპილოები საზღვრებს გარეშე“ (EWB) აცხადებს, რომ ამ ზონაში სპილოები სამი თვის განმავლობაში იხოცებოდნენ და სიკვდილიანობა ასაკსა და სქესზე არ იყო დამოკიდებული.
ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე ცოცხალ სპილოს აღენიშნებოდა სისუსტე, ლეთარგია და ღონემიხდილობა, ზოგიერთს კი დეზორიენტაციის ნიშნები, სიარულის გართულება.
ანალიზები ახლაც მიმდინარეობს სამხრეთ აფრიკის, ზიმბაბვეს, კანადისა და აშშ-ის ლაბორატორიებში.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.