ბორჯომში სახალხო დღესასწაულ „ბორჯომობა 2018“-ის აღსანიშნავი ღონისძიებები მიმდინარეობს
ბორჯომში დღეს სახალხო დღესასწაულს, „ბორჯომობას“ აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ბორჯომისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
12:00 საათიდან კოსტავას სახელობის ბაღში სპორტული შეჯიბრები ტარდება, სხვა ღონისძიებები კი ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სტუმრებს საშუალება აქვთ, ქართული ტრადიციული კერძები დააგემოვნონ.
მოწყობილია ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.
„ბორჯომობი“ დღესასწაულზე „ქოლგების ფესტივალი“ გაიმართება, ცენტრალურ ქუჩებში მსახიობები ტამტამებით და ქოლგებით იცეკვებენ.
ღონისძიების ფარგლებში, ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ. მათ მინიატურულ, მოოქრულ „ვეფხისტყაოსანსა“ და ფულად ჯილდოს – 400 ლარს გადასცემენ.
გალა კონცერტი ბორჯომში 20:00 საათზე დაიწყება, სადაც შემსრულებლები: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, გიორგი ნადიბაიძე, მარიტა როხვაძე, დათუნა მგელაძე, ოთო ნემსაძე და ანსამბლი „სულიკო“ იმღერებენ.
საზეიმო ღონისძიებებისთვის წელს 48 200 ლარი დაიხარჯება. ამ თანხაში 100 კაცზე საზეიმო ვახშამიც არის გათვალისწინებული.