ბორჯომში სახალხო დღესასწაული „ბორჯომობა 2018“ აღინიშნება 
ბორჯომში სახალხო დღესასწაული „ბორჯომობა 2018“ აღინიშნება 

დღეს ბორჯომობის დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ბორჯომისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

12:00 საათიდან კოსტავას სახელობის ბაღში სპორტული შეჯიბრები ჩატარდება, სხვა ღონისძიებები კი ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატებისა და ადგილობრივ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში მსახიობები რომანოვების ოჯახს განასახიერებენ, სურვილის შემთხვევაში კი, მისულ სტუმრებს მათთან ფოტოების გადაღება შეეძლებათ. გაიმართება „ქოლგების ფესტივალი“, ცენტრალურ ქუჩებში მსახიობები ტამტამებით და ქოლგებით იცეკვებენ.

ღონისძიების ფარგლებში ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც დააჯილდოებენ. მათ მინიატურულ, მოოქრულ „ვეფხისტყაოსანსა“ და ფულად ჯილდოს – 400 ლარს გადასცემენ.

გალა კონცერტი ბორჯომში 20:00 საათზე დაიწყება, სადაც შემსრულებლები: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, გიორგი ნადიბაიძე, მარიტა როხვაძე, დათუნა მგელაძე, ოთო ნემსაძე და ანსამბლი „სულიკო“ იმღერებენ.

საზეიმო ღონისძიებებისთვის წელს 48 200 ლარი დაიხარჯება. ამ თანხაში 100 კაცზე საზეიმო ვახშამიც შედის.