ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს
ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი ჩაკეტეს

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი სკამებითა და სავარძლებით ჩაკეტეს. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, შესასვლელს იქამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ საკრებულო მათ ხელფასებს არ დაუმტკიცებს.

მერიის თანამშრომლების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

რაც შეეხება ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს, ის კაბინეტში იმყოფება და მას მერიის თანამშრომლები გარეთ არ უშვებენ.

ამასთან, პარალელურად ბორჯომის მერიის თანამშრომლები მერიის შენობის წინ აქციას მართავენ და ხელფასების დარიცხვას ითხოვენ.

ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია.

 

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

საკითხის განხილვას მერიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტში შევიდნენ და ახსნა-განმარტებები ხელფასებთან დაკავშირებით მისგან მოითხოვეს.