ბორჯომის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა  

ბორჯომის საკრებულოს შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოდან „ქართული ოცნების“ წევრები და ოპოზიციის დეპუტატები დაუპირისპირდნენ

როგორც საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია აცხადებს,„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გიუაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატ ივანე შალუტაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა. გიუაშვილი, რომელმაც სახის არეში დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო, კვირკველიას ინფორმაციას უარყოფს. შალუტაშვილის განცხადებით კი, მან თავი დაიცვა.

საკრებულოს შენობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური და სამართალდამცველები იმყოფებიან.

ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს კვლავ ვერ დამტკიცდა. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, რომლებიც დღესსხდომას ბოიკოტის შემდეგ პირველად დაესწრნენ.

საკითხის განხილვას მერიის თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტში შევიდნენ და ახსნა-განმარტებები ხელფასებთან დაკავშირებით მისგან მოითხოვეს.

„ქართული ოცნება“ ბორჯომის საკრებულოში უმცირესობაშია და 13 დეპუტატით არის წარმოდგენილი. ისინი სხდომებს არ ესწრებოდნენ. ბორჯომის საკრებულოს ბოლო ოთხი სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო ვერ ჩატარდა. იმ მიზეზით, რომ საკრებულოში ხელფასების რეგულირების საკითხი და საშტატო ნუსხა არ დამტკიცებულა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ ხერხდება.

 

დატოვე კომენტარი