ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150-მდე მეხანძრე-მაშველისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის 30-მდე თანამშრომლის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების  მეხანძრე-მაშველები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის  მეტყევეები არიან ჩართულნი. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

„ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია. მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩება 100-მდე მეხანძრე-მაშველი. დილიდან ვერტმფრენი გააგრძელებს მუშაობას. რელიეფის გამო, ერთ ლოკაციაზე ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო. ცეცხლი ეკიდა ქვედა საფარს. ამ დროისთვის ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, – განაცხადა შსს-ს საგანგებო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრე ქუჯაიძემ.