ბორჯღალოსნები | ლევან მაისაშვილი - მსოფლიო ჩემპიონთან ორი ტესტ-მატჩის გამართვა დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT
ბორჯღალოსნები | ლევან მაისაშვილი - მსოფლიო ჩემპიონთან ორი ტესტ-მატჩის გამართვა დიდი პასუხისმგებლობაა #1TVSPORT

10 მაისს გაირკვა, რომ შოტლანდიის გარდა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ივლისში მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, „ტიერ 1-ის“ ქვეყნის ნაკრებებთან ზედიზედ სამ თამაშს წინსვლისთვის საუკეთესო შესაძლებლობად მიიჩნევს:

„რაგბის კავშირმა ნაყოფიერი სამუშაო ჩაატარა და მოხარული ვარ, რომ 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ვეთამაშებით. მანამდე გვაქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ბელგიასთან ან ნიდერლანდებთან, და მას გამოვიყენებთ ტურნესთვის მოსამზადებლად.

მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ ორ ტესტს გვეთამაშება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მადლობა მათ დაფასებისთვის. შემდეგ ვმასპინძლობთ შოტლანდიას და ზედიზედ ამდენი მაღალი დონის შეხვედრის ჩატარება, ჩვენთვის ბრწყინვალე შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, „შემოდგომის ერთა თასის“ შემდეგ ასეთი თამაშები არ გვქონდა, მაგრამ რაგბი ევროპის ჩემპიონატმა კიდევ უფრო წინ წაგვწია, განსაკუთრებით შეტევის კუთხით. საინტერესო იქნება, ამ დონის მეტოქესთან როგორ შევძლებთ ამ ნამუშევრის გადატანას და როგორ გაუძლებს ჩვენი სისტემები ამ გამოწვევას“.

სამწუხაროდ, „ბორჯღალოსნებს“ ტრავმების გამო ზაფხულშიც არაერთი მორაგბე დააკლდება:

„ძნელია იმის ვარაუდი, როგორი იქნება ჩვენი შემადგენლობა ივლისის ტესტებისთვის. ტრავმა უკვე მოიშუშა გიორგი ცუცქირიძემ და ის აუცილებლად გვეყოლება. ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე და გრიგორ ქერდიყოშვილი ამ პერიოდში რეაბილიტაციის დასრულებას ვერ ასწრებენ. ტრავმირებულია სოსო მათიაშვილი და ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება მისი მკურნალობა. გვაქვს კიდევ ერთი სამწუხარო ინფორმაცია – მიხეილ ნარიაშვილმა ფეხი მოიტეხა და ამ ტესტებზე ვერ დაგვეხმარება. წინაა პლეიოფი დიდ 10-სა და საფრანგეთში. მთავარია, ყველანი ჯანმრთელად იყვნენ და იმ მომენტისთვის უძლიერეს შემადგენლობას შევკრებთ“.

ბორჯღალოსნების ის ნაწილი, რომელთა კლუბები სეზონს დაასრულებენ, ვარჯიშს 24 მაისიდან დაიწყებს. მათ ეტაპობრივად დაემატებიან მოთამაშეები. დღეში ორჯერადი ვარჯიშები ექნებათ, 14 ივნისიდან კი, გუნდი ზაფხულის მატჩებისთვის შეკრებაზე გადავა.

rugby.ge