„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან #1TVSPORT
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას ეთამაშებიან #1TVSPORT

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „სპრინბოქსი“ ივლისში „ბორჯღალოსნებს“ ორმატჩიან ტესტ-სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება.

ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე „ბოკეს“ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა.

2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში, თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. ბორჯღალოსნები აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა წვეოდნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. ქურციკებს საქართველოსთან რკენის წყურვილი არ განელებიათ და „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ ტურნემდე, მოსამზადებლად საქართველოსთან ორი ტესტ-მატჩი დაგეგმეს.

თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და ბელგია-ნიდერლანდებს (29 მაისს გაირკვევა) შორის გამარჯვებულს უმასპინძლებენ.

3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული ბორჯღალოსნები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს „ტიერ 1-ის“ ნაკრებებთან.

 

მეგობრობა სამხრეთ აფრიკისთან

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, ბაჩო ხურციძე ამბობს, რომ ასეთი მაღალი დონის ტესტები სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან მეგობრული ურთიერთობის შედეგია და ეს მეგობრობა გაგრძელდება:

„მათთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ ერთხელ, პირველ მსოფლიო თასზე, 2003 წელს გვაქვს ნათამაშები და ამ უდიდეს ფორუმზე პირველი ლელო სწორედ მათთან გავიტანეთ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და საქართველოც განვითარდა“.

„ვაფასებთ, რომ სამხრეთ აფრიკასთან მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. გარდა სანაკრებო მიმართულებისა, მათთან აქტიურად ვმუშაობთ ფრანჩაიზის კუთხით, რომელიც სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში უნდა ჩაერთოს. წლებია ჩვენს 20-წლამდელებს ეპატიჟებიან ძალიან მაღალი დონის ტურნირზე და ამ ყველაფრის ფონზე, სამხრეთ აფრიკა, როგორც სარაგბო ქვეყანა, მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გამოდის ქართული რაგბის განვითარებაში“.

„ასეთი მნიშვნელოვანი ტესტები, როგორიც წელს გვაქვს, საქართველოს ნაკრებს აქამდე არ ჰქონია. რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გეპატიჟება და ფინალური მატჩის შემდეგ, პირველ შეხვედრას შენთან ატარებს, თანაც ორს.“

„სამხრეთ აფრიკული ტურნეს შემდეგ, საქართველოში შოტლანდია გვეწვევა და ეს თამაში ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორის გამოა მნიშვნელოვანი. შოტლანდია „ტიერ 1-ის“ პირველი ქვეყანაა, რომელიც ერთხელ უკვე ეწვია საქართველოს და მეორედ ჩამოდის. ეს დასტურია, რომ კმაყოფილები არიან პირველი ვიზიტით, როგორც სპორტული, ასევე მასპინძლობის კუთხით. ეს ერთგვარი აღიარებაა იმ სარაგბო გარემოსი, რაც მათ საქართველოში დახვდათ. ასევე კარგი ნიშანი და სტიმულია სხვა ქვეყნებისთვის, რათა დაინახონ – საქართველო მზადაა უმასპინძლოს „ტიერ 1-ის“ ქვეყნებს მაღალ დონეზე.“

„წელს ასეთი მაღალი დონის ტესტები რომ მივიღეთ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო რაგბის, რომელიც ასრულებს დანაპირებს და ცდილობს პირველი და მეორე დონის ნაკრებები დააახლოვოს. თუმცა, სამხრეთ აფრიკასთან ტესტების შეთანხმება ჩვენი მეგობრობის ფარგლებში მოხდა და მსოფლიო რაგბიმ ისინი სიხარულით დაადასტურა“.

 

კარგი შესაძლებლობა ქვეყნის პოპულარიზაციისთვის

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდეტი, ნიკა ალავიძე მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს და ამ თამაშებს აფასებს როგორც შესაძლებლობას ქვეყნის პოპულარიზაციისთვის:

„დიდი მადლობა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირს და მსოფლიო რაგბის ამ შესაძლებლობისთვის. არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები დავიწყეთ მსოფლიო რაგბითან მაღალი დონის ტესტ-მატჩების მოსაპოვებლად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე და საქართველოს წარმომადგენელი მსოფლიო რაგბიში გიორგი ნიჟარაძე“.

„სამხრეთ აფრიკელებმა ძალიან საინტერესო შეთავაზება გაგვიკეთეს. პანდემიის პირობებში, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ფინალური მატჩის შემდეგ პირველი შეხვედრის ჩატარება ჩვენთან ისურვა, რაც ძალიან დიდი პატივია. ესაა ბევრის სწავლის შესაძლებლობა, როგორც სპორტული, ასევე სხვა უამრავი კუთხით. ორმატჩიანი სერია შემოგვთავაზეს და პრაქტიკულად მაშინვე გადაწყდა, რომ ეს თამაშები შედგებოდა, თუმცა სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიო რაგბისგან იყო თხოვნა, რომ სანამ სრული კალენდარი არ შედგებოდა, ეს ინფორმაცია არ გაგვეჟღერებინა. გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიღებული იყო, თუმცა შეთანხმების პირობების დაცვა პირდაპირ აისახება ჩვენს რეპუტაციაზე და მას ვერ დავარღვევდით“.

„ჩვენთან თამაშების შემდეგ სამხრეთ აფრიკა გამართავს სამმატჩიან ტესტ-მატჩების სერიას „ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების“ წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოს უძლიერესი ფრანჩაიზია. მანამდე კი, მსოფლიოს ჩემპიონი ხანგრძლივი, იძულებითი პაუზის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზე მყოფ საქართველოსთან ორ მატჩს გამართავს“.

„გვაქვს ამბიცია, რომ გავხდეთ სარაგბო ერი, რა მიმართულებითაც გეგმაზომიერად ვმუშაობთ და ეს თამაშები ამ კუთხით იდეალურია. უმნიშვნელოვანესი ტესტებისთვის მთელი გუნდი ვემზადებით, რათა ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო არა მხოლოდ სპორტული კუთხით. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობა, რადგან მთელი მსოფლიო მოწყურებული ელოდება მსოფლიო ჩემპიონის თამაშს და ამ თამაშში მათი მეტოქე საქართველო იქნება!“.

ნიკა ალავიძე 17 ივლისს, საქართველოში შოტლანდიასთან ტესტ-მატჩს ქვეყანაში ტურიზმის აღდგენის შესაძლებლობად განიხილავს:

„მსოფლიოს ჩემპიონთან ორი თამაშის შემდეგ შოტლანდიას საქართველოში ვმასპინძლობთ, რაც ასევე უდიდესი მოვლენაა. დიდი ხანია გადწყვეტილია, რომ ისინი საქართველოს ზაფხულში ეწვევიან და ვცდილობთ მათი დელეგაცია მაქსიმალურად წარმომადგენლობითი იყოს. შოტლანდიასთან თამაში იქნება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული რაგბისთვის. ამავდროულად, გვსურს საქართველოს ტურისტული პოტენციალი კარგად წარმოვაჩინოთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და ტურიზმის განვითარებაში. შოტლანდიელები, პოტენციურად, ახალი საერთაშორისო ვიზიტორები არიან. გარდა ამისა, ამ თამაშის მიმართ საერთაშორისო მედიის მხრიდან დიდი ინტერესია“.

rugby.ge