ბორისპოლის აეროპორტში თბილისი-კიევის რეისის მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
ბორისპოლის აეროპორტში თბილისი-კიევის რეისის მგზავრების ევაკუაცია ასაფეთქებლის საფრთხის გამო განხორციელდა, თუმცა შემოწმების შემდეგ ბომბი არ აღმოჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია „სქაიაფის“ თვითმფრინავი კიევში ადგილობრივი დროით 15:10 საათზე დაეშვა, რის შემდეგაც მგზავრები და ბარგი სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით შეამოწმეს.
მგზავრებზე დაყრდნობით გამოცემა „სტრანა“ წერს, რომ აეროპორტის სამსახურის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი წაიყვანეს.
მოგვიანებით, „ბორისპილის“ პრესსამსახურმა „სტრანას“ აცნობა, რომ აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა.
„შემოვიდა ზარი ასაფეთქებლის შესახებ. მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ჩატარდა შემოწმება. სახიფათო საგნები აღმოჩენილი არ არის. აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“, – ნათქვამია აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებაში.