ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში პირველი ვიზიტისას „ახალი ოქროს ხანის დაწყების“ პირობა დადო
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში პირველი ვიზიტისას „ახალი ოქროს ხანის დაწყების“ პირობა დადო.
ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი იქნება სუფთა, მწვანე, აყვავებული, ერთიანი, დარწმუნებული და ამბიციური. ჯონსონმა დეპუტატებს უთხრა, რომ ახალი მთავრობა ევროკავშირთან ბრექსიტის მოლაპარაკებებში ენერგიულად ჩაერთვება.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მინისტრი მაიქლ გოვი „უმაღლეს პრიორიტეტად“ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას დაგეგმავს.
ბორის ჯონსონმა თქვა, რომ შეთანხმების ჩავარდნისთვის მზადების მიუხედავად, ევროკავშირიდან გასვლა შეთანხმებით სურს, თუმცა ტერეზა მეის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ჯონსონმა პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელი უწოდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2050 წლსითვის გაერთიანებული სამეფო ევროპის უდიდესი ეკონომიკა იქნება.