ბორის ჯონსონმა საფრანგეთს მოუწოდა, უკან მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ლა-მანშის სრუტის გავლით ბრიტანეთში ჩავიდნენ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთს მოუწოდა, უკან მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ლა-მანშის სრუტის გავლით ბრიტანეთში ჩავიდნენ.
ბორის ჯონსონის თქმით, მან წერილობით მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ხუთი საჭირო ნაბიჯის სწრაფად გადადგმისკენ მოუწოდა, რათა ტრაგედია, რომელსაც 27 მიგრანტის სიცოცხლე ემსხვერპლა, აღარ განმეორდეს.
ჯონსონის მიერ შეთავაზებულ ნაბიჯებს შორისაა საფრანგეთის სანაპიროების ერთობლივი პატრულირება, რათა მიგრანტებმა ბრიტანეთისკენ გაცურვა აღარ სცადონ, აგრეთვე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, როგორიცაა სენსორები და რადარები, საზღვაო და საჰაერო პატრულირება, ქვეყნების შორის დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მიგრანტების დაბრუნების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ფრანგულ პორტ კალეში ჩავლენ, სადაც საფრანგეთის მთავრობის წევრებთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
ასევე, ამ კვირაში დაგეგმილია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაც.
24 ნოემბერს ლა-მანშის სრუტის გადაცურვის მცდელობისას 27 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ორსული ქალი და სამი ბავშვი.