ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში რუსეთის ელჩს შეხვედრაზე ხელი არ ჩამოართვა
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანეთში რუსეთის ელჩს შეხვედრაზე ხელი არ ჩამოართვა. რუსმა დიპლომატმა ალექსანდრ იაკოვენკომ ფაქტს “ბრიტანული პროტოკოლით” მოქმედება უწოდა.
“არსებობს განსაზღვრული ბრიტანული პროტოკოლი, როდესაც ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ბორის ჯონსონმა ყველანაირი გამოხატულებით აღშფოთება გამოხატა რუსეთის პოლიტიკის მიმართ. მას ჩემთვის არასასიამოვნო რაღაცები უნდა ეთქვა და ამიტომ, ელჩმა ხელის ჩამორთმევა ვერ დაიმსახურა” – განაცხადა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრისა და ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ გამწვავდა.
ლონდონმა რუსეთი ქიმიური ნერვული აგენტის გამოყენებაში დაადანაშაულა და უმაღლეს დონეზე კავშირების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. 21 მარტამდე ბრიტანეთი 23-მა რუსმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.