ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა
ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განახორციელა. „ბიბისის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დომინიკ რააბი ლიზ თრასმა შეცვალა. მანამდე ის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრის პოსტს იკავებდა. ლიზ თრასი ასევე შეითავსებს ქალთა და თანასწორობის მინისტრის მოვალეობებს.

დომინიკ რააბი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან რობერტ ბაკლენდი შეცვალა. დომინიკ რააბი ვიცე-პრემიერი იქნება.

თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა, გევინ უილიამსონმა. უილიამსონი მანამდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რომელიც ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა.

ამას გარდა, ამანდა მაილინგი კონსერვატიული პარტიის თანათავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის კულტურის მინისტრმა, ოლივერ დაუდენმა შეცვალა.