საქართველოს პარლამენტში ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, ხაზი გავუსვით, რომ ყველა ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გაზრდისა და ფინანსური მდგრადობისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონსულტანტმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბორის ბერგანტმა პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად წავიდეს წინ და ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას.
„ეს ცოცხალი პროცესია და არ დასრულდება ერთი ან რამდენიმე ცვლილებით. ვფიქრობ, გარკვეულ შეთანხმებამდე მივედით და ამ ცვლილებებით საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება საკმაოდ კარგი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად წავიდეს წინ და ხელი შეუწყოს დემოკრატიის განვითარებას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი კონტენტს აწარმოებს, ეს კრეატიული, შემოქმედებითი საქმიანობაა, სხვა დანარჩენი დამხმარე პროცესია. ეს არის ინტელექტუალური კრეატიულობა და არ შეიძლება, ფულით გაიზომოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ პროფესიულად გადაწყვიტოს, რომელი კონტენტი და ნამუშევარი იყიდოს.
ვფიქრობ, ფინანსური სტაბილურობიდან გამომდინარე, აუცილებელია, მაუწყებელს ჰქონდეს კომერციული რეკლამის უფლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ კომერციული რეკლამა მაუწყებლისთვის აუცილებელია. უნდა გამოინახოს სხვადასხვა გზა, რომ შემოსავლების კომბინირება მოხდეს არა მარტო ბიუჯეტიდან, არამედ სხვა საშუალებებიდან.
საზოგადოებრივ მაუწყებელს მცირე რაოდენობის კომერციული რეკლამის უფლებას თუ მივცემთ, ეს არავის დააზარალებს, არამედ უფრო ძლიერს გახდის მაუწყებელს და არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს სარეკლამო ბაზარს. პირიქით, მცირე კომერციული რეკლამა საზოგადოებაში მაუწყებლის სახელს გაზრდის – აუცილებლად მოიძებნება ისეთი კომპანიები, რომლებიც დაინტერესდებიან და კომერციულ რეკლამას არა კომერციულ ტელევიზიაში, არამედ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიიტანენ. ეს კი იქნება იმის საზომი, რამდენად პოპულარული და ღირებულია საზოგადოებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ამიტომ კომერციული რეკლამა საზიანო კი არა, პირიქით, უპირატესობაა“, – განაცხადა ბორის ბერგანტმა.
საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია იმყოფება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში შეხვედრები გამართა. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებს გააცნეს ის საერთაშორისო გამოცდილება, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლები ხელმძღვანელობენ.