ბონდო მძინარაშვილი - საერთაშორისო აუდიტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა შეაფასა დადებითად, შესაძლო დარღვევებიც კი ვერ აღმოაჩინა, რადგან ასეთი დარღვევები უბრალოდ არ იყო
ბონდო მძინარაშვილი - საერთაშორისო აუდიტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა შეაფასა დადებითად, შესაძლო დარღვევებიც კი ვერ აღმოაჩინა, რადგან ასეთი დარღვევები უბრალოდ არ იყო

გარე აუდიტმა შესაძლო დარღვევებიც კი ვერ აღმოაჩინა იმ მიზეზის გამო, რომ ასეთი დარღვევები უბრალოდ არ იყო, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენთვის, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც შიდა აუდიტის ანგარიშს, ასევე გარე აუდიტის დასკვნას. ძალიან კარგია, რომ ჩვენი მოლოდინი გამართლდა, რადგან სამეურვეო საბჭოს ​წევრებს კვარტლების მიხედვით მოსმენილი გვქონდა ფინანსური დირექტორისა და მენეჯმენტის ანგარიში, მოვისმინეთ წლიური ანგარიშიც. საბოლოო ჯამში, ისე აღმოჩნდა, რომ გარე აუდიტმა შესაძლო დარღვევებიც კი ვერ აღმოაჩინა იმ მიზეზის გამო, რომ ასეთი დარღვევები უბრალოდ არ იყო“, – აღნიშნა მძინარაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თქმით, აუდიტორულ დასკვნაზე პროფესიონალები მუშაობდნენ, რომლებმაც იციან, სად ეძებონ დარღვევები, თუკი ისინი არსებობს.

„პროფესიონალები მუშაობდნენ, გარე აუდიტის სპეციალისტები მუშაობდნენ და მათ ძალიან კარგად იციან, სად რა შეიძლება, არსებობდეს, თუკი ეს საერთოდ არსებობს. ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა შეფასებულია დადებითად, მცირე ტექნიკური ხარვეზები გამოვლინდა, რომლებიც, საბოლოო ჯამში, გასწორებულია. ჩვენ მივიღეთ ის შედეგი, რასაც, გულახდილად ვიტყვი, ველოდებოდი, რადგან კვარტლის ანგარიშების მოსმენის დროს ჩვენც გაგვიჩნდა კონკრეტული შეკითხვები მენეჯმენტთან, ფინანსურ დირექტორთან, მათ ყველა შეკითხვას უპასუხეს და დარწმუნებული ვიყავით, რომ გარე აუდიტის დასკვნაც ასევე პოზიტიური იქნებოდა“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების დასკვნაზე მუშაობა დაასრულა. პროცესი მოიცავდა ფინანსური ანგარიშგებების, შესყიდვებისა და საგადასახადო აუდიტს. აუდიტორულმა კომპანიამ სამივე მიმართულებით დადებითი დასკვნა მოამზადა. დარღვევა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტის დასკვნები პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.