ბოლო 50 წელიწადში, ვაქცინებმა 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1974 წელს გლობალური იმუნიზაციის გაფართოებული პროგრამა დაიწყო, ამ თარიღიდან დღემდე, ვაქცინაციამ 154 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
პროგრამის მიზანი იყო, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა ბავშვისთვის; მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე მუდმივად არის გამოწვევები, შედეგი აშკარად ნათელია — ბოლო 50 წელიწადში თავიდან აცილებული მილიონობით ადამიანის სიკვდილი. მათი უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
„აღმოვაჩინეთ, რომ ამ 50-წლიან პერიოდში, სრული სარგებლის 60 პროცენტი წითელას ვაქცინაციაზე მოდის, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სიცოცხლეთა გადარჩენაში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ავსტრალიის ტელეთონის ბავშვთა ინსტიტუტის ინფექციონისტი ენდრიუ შატოკი.
შედეგები დროული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად კარგად მუშაობს ვაქცინაცია, რაც არა მხოლოდ ვაქცინირებულებს იცავს ინფექციური დაავადებებისგან, არამედ ჩვენი საზოგადოებების ყველაზე მოწყვლად წევრებს, მათ შორის ბავშვებს, მოხუცებს და იმუნიტეტშეზღუდულ პირებს.
რამდენიმე თვის წინ, ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ აშშ ახლოს იყო სახიფათო გარდამტეხ წერტილთან, რომლის იქითაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იმდენად დაბალ ნიშნულზე ჩამოდის, რომ არავაქცინირებული ადამიანები აღარ არიან დაცული ვაქცინირებული საზოგადოების მიერ; ამან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიანობა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო.
ასეთივე შემაშფოთებელია გლობალური ტენდენციაც. 2021 წელს, წითელას წინააღმდეგ არ აიცრა რეკორდული რაოდენობის ბავშვი, რამაც მომდევნო წელს მთელ მსოფლიოში გამოიწვია ამ ინფექციური დაავადების მრავალი აფეთქება; მათ შორის აშშ-ში — ქვეყანაში, სადაც 2000 წელს წითელა ამოძირკვულად გამოცხადდა.
ექსპერტთა ვარაუდით, ვაქცინაციის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი შემცირების მიზეზი უფრო ვაქცინებით კმაყოფილება და აპათიაა, ვიდრე ყოყმანი.
ამ პრობლემის ნაწილი შეიძლება ის იყოს, რომ როდესაც ვაქცინა დაავადების პრევენციაში მუშაობს, სულ უფრო ცოტა შემთხვევებსა და გავრცელებას ვხედავთ, რაც გვავიწყებს იმ რისკებს, რაც ვაქცინაციის ჩავარდნას აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინები საკუთარი წარმატების მსხვერპლია.
ყვავილი პირველი და ერთადერთი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ვაქცინებმა გლობალურად ამოძირკვა. ამ დაავადების ბოლო შემთხვევა მსოფლიოში 1977 წელს დაფიქსირდა.
2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამები გარეული პოლიოვირუსის ამოძირკვის კიდეზეა ავღანეთსა და პაკისტანში — ორ ქვეყანაში, სადაც პოლიომიელიტი ჯერ კიდევ ენდემურია, მაგრამ რჩება გამოწვევები.
წლის დასაწყისში, კვლევით დადგინდა, რომ შოტლანდიაში საშვილოსნოს ყელის კიბოს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა იმ ადამიანებში, რომლებმაც თინეიჯერობისას ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ვაქცინა გაიკეთეს. შედეგად, ეს ქვეყანა ახალგაზრდა ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს ამოძირკვის გზას ადგას.
მკვლევართა დასკვნით, გლობალურად ჩვილთა სიკვდილიანობის შემცირებაში 40 პროცენტი ვაქცინაციის დამსახურებაა. წვლილის შემტან სხვა ფაქტორებს შორის არის სანიტარიის გაუმჯობესება, ჯანდაცვა და სუფთა სასმელ წყალზე წვდომა.
„გასული 50 წლის განმავლობაში ვაქცინაციის მიმართულებით გაწეული ძალისხმევის წყალობით, 2024 წელს, ათ წელს ქვემოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვს 40 პროცენტით მეტი აქვს შანსი, რომ თავის შემდეგ დაბადების დღეს შეხვდეს“, —ამბობს კვლევის ავტორი ენდრიუ შატოკი.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ყველა ინფექციის პრევენციას ვერ ახდენს, ისინი დრამატულად ამცირებს დაავადების სიმწვავეს და საავადმყოფოში მოხვედრის შანსებს.
ამასობაში, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვაქცინების შექმნის მეთოდთა გაუმჯობესებაზე; ცდიან ვაქცინების ახალ ტექნოლოგიებს, რათა დაგვიცვან კიდევ უფრო მეტი ინფექციური დაავადებისგან და კიბოსგანაც კი.
კვლევა The Lancet-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია telethonkids.org.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.