ბოლო 24 საათში, მსოფლიოში კორონავირუსის 304 626 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში, გლობალური მასშტაბით, ახალი კორონავირუსი 304 626 ადამიანს დაუდასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავრცელებს. ბოლოს მსგავსი რეკორდი 14 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ერთ დღეში 304 351 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.
ამასთან, 14 აგვისტოსთან შედარებით, ვირუსით გამოწვეული დაავადების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის ორჯერ არის შემცირებული. 14 აგვისტოს ერთ დღეში კორონავირუსს 10 135 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გასულ დღე-ღამეში 5 637-ი პაციენტი დაიღუპა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 სექტემბრის მონაცემებით 27 მილიონს უახლოვდება. ვორლდმეტრის ინფორმაციით, კი კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ გლობალურად უკვე გადააჭარბა 27 მილიონს.
ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი არის აშშ-ში, სადაც ვირუსი 6,2 მილიონ ადამინს დაუდასტურდა, ხოლო 188 500 დაიღუპა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 4,1 მილიონი ინფიცირებულით და 126 ათასი დაღუპულით. მესამეზე კი, ინდოეთი.