ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, ერთი შემოტანილია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა წარმოებს.
რაც შეეხება შემოტანილ შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე.
„დღევანდელი მონაცემებით, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს და ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 1006-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულები 10-ით გაიზარდა და გახდა 883. სამი ახალი შემთხვევიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, რომელიც კვლავ ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევით წყაროს მოძიება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, ეზუგბაია ამბობს, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 87.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კოვიდ-ცენტრებში ამ ეტაპზე 136 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 21 პაციენტი მკურნალობს, ორი პაციენტი კი თურქეთში, საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანეს.
„ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან სამი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გადაყვანილ იქნა თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და გადაყვანილ იქნენ თავის ქვეყანაში. ჩვენთან ახლა 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.