კორონავირუსის ბოლო 24 საათში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცრების ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ორი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხუთი პირი კარატინის სივრციდან არის, ანუ შემთხვევა შემოტანილი, იმპორტირებულია.
„გარდა ამისა, ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და ხუთი არის დაუდგენელი წყაროს, რომლისთვისაც გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხუთივე პირი სხვადასხვა სივრციდანაა.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ წყარო დაუდგენელია, ეს ნიშნავს, რომ ხუთივე პირი არის განსხვავებული სივრიცდან და მათი წყაროც სხვადასხვაა. თუ შემთხვევით, ჩაღრმავებული კვლევით მივიდნენ იქამდე, რომ რამდენიმეს წყარო საერთოა, ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება, არ იყოს ასეთი სიტუაცია“, განაცხადა ეზუბაიამ.
როგორც მან აღნიშნა, მთლიანობაში 10-მდე პირია, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
„თუ დღევანდელ ხუთს კიდევ დავამტებთ წინა დღეებში დაფიქსირებულ ასეთ შემთხვევებს, ჯამურად ხუთი იყო, დაახლოებით 10-მდე არის ასეთი, თუმცა შეიძლება, რომელიმეს წყარო დადგენილი იყო წინა ეპიზოდებში და ჩემთვის არის უცნობი ჯერჯერობით, მაგრამ თუ დაუდგენელი დარჩა, ასეთი არის 10“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მან განმარტა, რომ გუშინ დილით საქართველოში ახალი კორონავირუსის 837 შემთხვევა იყო დადასტურებული, რასაც დაემატა 14 და გახდა 851. ამასთან, გამოჯანმრთელებულების რიცხვი ხუთით, 702-მდე გაიზარდა. კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს.