შსს - ბოლო 10 წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება პირველად დაფიქსირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მრავალკომპონენტიან, გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს.
შსს-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 1 ივლისიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, ამოქმედდა ე.წ. ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება.
მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან კი მუშაობა დაიწყო ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა და ძალაში შევიდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის, მათ შორის, ავტოავარიების შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ჩაატარა. ანალიზის შედეგად, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14 %-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 7 %-მდე, ხოლო დაშავებულების – 12 %-მდეა შემცირებული.
შსს-ს მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებლების კლება ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.