ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა
ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 54-მდე გაიზარდა.
ინფექცია დღეს კიდევ სამ პირს დაუდასტურდა.
აღნიშნული მონაცემები კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო სტატისტიკაშია ასახული.
ინფიცირებული პირები მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
შესაბამისად, ინფექციის წყარო დადგენილია.
ინფიცირებულთა ზრდის გამო, უკვე მესამე დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში გამკაცრებული ზომები მოქმედებს.
დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში.
ამ დასახლებებში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. მანამდე კი ზომები გამკაცრდა სოფელ სავანეთსა და ქვემო ბოლნისში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა.