ბოლნისში კორონავირუსის ინფექცია კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.
ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაინფიცირებული თანამშრომლების კლასტერიდანაა და ერთ-ერთის მჭიდრო კონტაქტია.
შესაბამისად, ინფექციის წყარო დადგენილია.
გაგზავნილი კიდევ 22 ნიმუშიდან კორონავირუსი არც ერთთან არ დადასტურდა.
მათ შორის კოვიდ 19 არ დაუდგინდა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში განთავსებულ „ცხელების ცენტრის“ რამდენიმე მედიკოსს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია გუშინ საღამოს კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც მუნიციპალიტეტში დაფისირებულ ინფიცირებულთა კონტაქტია.
ამ დროის მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფექცია მუნიციპალიტეტში სულ ოთხ პირს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 52-ია.
ინფიცირებულთა ზრდის გამო, უკვე მესამე დღეა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში გამკაცრებული ზომები მოქმედებს.
დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში. აღნიშნულ დასახლებებში შესვლა მოაცრად შეზღუდულია.
მანამდე კი ზომები გამკაცრდა სოფელ სავანეთსა და ქვემო ბოლნისში.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა.