დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ვაქცინა საჯაროდ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა მამარდაშვილმა გაიკეთა და მედიკოსებს აცრის გაკეთებისკენ მოუწოდა.
ვაქცინაცია დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჟანიძემ, სასწრაფოსა და კლინიკის რამდენიმე ექიმმაც გაიკეთეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა „ასტრაზენეკას“ 500 დოზა ვაქცინა 14 მარტს მიიღო, რომელიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაწყობდა.
ვაქცინაციას პირველ ეტაპზე მედპერსონალი და სხვა რისკჯგუფები ჩაიტარებენ.
„დღეს, 17 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც არის კორეული წარმოების. პირველ ეტაპზე, ვაქცინა განკუთვნილია და პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენს მედპერსონალი. დღეს ავიცერი, მტკივნეული ნამდვილად არ არის, თავს ვგრძნობ კარგად. ჩემთან ერთად აიცრა მედპერსონალის ნაწილი, დანარჩენი ნაწილი კი, აიცრება თანმიმდევრულად.
მინდა, მოვუწოდო ჩვენს მედპერსონალს, ვაქცინაცია აუცილებლად ჩაიტარონ, რადგან ეს არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი და ამის გარეშე, ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.