ბოლნისის მუნიციპალიტეტში კერძო შემოწირულობებით ნაყიდი სურსათის დარიგება დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კერძო შემოწირულობებით ნაყიდი სურსათის დარიგება დაიწყო. მუნიციპალიტეტის სოფლებში სასურსათო პაკეტები პირველ ეტაპზე 160-მდე ოჯახს გადაეცა. საერთო ჯამში, სურსათს 540-მდე ოჯახი მიიღებს.
კერძო შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი დაურიგდებათ სოციალურად დაუცველებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და მარტოხელა პენსიონერებს.
სოციალურად დაუცველებისთვის სურსათის გადაცემის პროცესს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.
„ჩვენ დავიწყეთ სასურსათო პაკეტების დარიგება სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის ასევე თვითიზოლაციაში მყოფი საჭიროების მქონე პირებისთვის, მარტოხელა პენსიონერებისთვის. დღეს დაახლოებით 160 ოჯახი მიიღებს პაკეტს და მთლიანობაში სამი დღის განმავლობაში 540 მდე ოჯახი მიიღებს დახმარებას, ჩვენ ვითარების კვლევას ვაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში ეს სია გაფართოვდება და ყველგან მივიტანთ დახმარებას. ამ ღონისძიებაში ჩართვისთვის მინდა, მადლობა გადავუხადო ძმებ კუხალეიშვილებს, რომლებმაც დღევანდელი დღის დიდი ნაწილი საკუთარი რესურსით დააფინანსეს, ჩვენ კერძო შემოწირულობებით ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს და უკვე შემდგომ ეტაპზე საჭიროების მიხედვით ჩავრთავთ ადგილობრივი ბიუჯეტის რესურსებს. ჩვენ დღესვე ვგეგმავთ, რომ გავიდეთ სოფლებში, სადაც შევისწავლით სასურსათო მაღაზიებში არსებულ ვითარებას, და ასევე მაღაზიის მეპატრონეებს გავაცნობთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იქნება მათ მიერ მარნეულის სასურსათო ბაზრებში გასვლა, რათა შეივსონ სურსათის მარაგი. ასევე ყველა სასურსათო მაღაზიაში მომუშავე პირებს გადაეცემათ ჩვენს მიერ მომარაგებული პირბადეები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, როდესაც პროდუქციის შესაძენად შევლენ“,- განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა.