ბოლნისის მე-6 საჯარო ბაღში სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ
ბოლნისის მე-6 საჯარო ბაღში სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან და სინჯებს იღებენ, ვინაიდან აღნიშნული ბაღის 15 აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.
რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, უკავშირდება თუ არა ფაქტი კვებით ინტოქსიკაციას.
„ქალაქ ბოლნისის N6 საბავშვო ბაღში 15 აღსაზრდელს აღენიშნა მცირედი პირღებინება, აქედან ორი ბავშვი იმყოფებოდა კლინიკაში, სადაც მედიკოსებმა ვირუსის დიაგნოზი დასვეს და სახლში მალევე გაწერეს. ამ ეტაპზე თხუთმეტივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს. ბოლნისში დილიდან იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებმაც ადგილზე აიღეს ნიმუშები. კვლევის შედეგები გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი. დაბეჯითებით ჯერ არ შეიძლება თქმა, რომ ბავშვების სავარაუდო მოწამლის ფაქტები საკვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება. ეს ყველაფერი შესაბამისმა კვლევამ უნდა დაადასტუროს. ველოდებით პასუხებს და შემდგომი რეაგირებაც ამ კვლევაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა.