ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტის შესახებ განაცხადა, კოლუმბიამ და ჩილემ კი ისრაელიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს
ბოლივიამ ღაზის სექტორში „აგრესიული და არაპროპორციული“ თავდასხმების გამო ისრაელთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, – ამის შესახებ ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფრედი მამანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის უარყოფა და დაგმობა ისრაელის აგრესიული და არაპროპორციული სამხედრო შეტევისა, რომელიც განხორციელდა ღაზის სექტორში“, – თქვა მამანმა.
ამის პარალელურად, კოლუმბიამ და ჩილემ პროტესტის ნიშნად ისრაელიდან თავიანთი ელჩები გამოიწვიეს.
ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ გმობს ისრაელის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას“.
ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ განაცხადა, რომ თუ ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტას, კოლუმბიის წარმომადგენელი იქ ვერ დარჩება.