ბოდბისხევის ბაზარში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით გაგრძელდება
ბოდბისხევის ბაზარში კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ჩატარების დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლი სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამაჟამად გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით „სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი სიღნაღის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
გოგოლაშვილი ბოდბისხევის ბაზართან მომხდარი დაპირისპირებისას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში სიღნაღის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ილია ბაიდოშვილს ადანაშაულებს, მის დასჯას და საქმის პოლიტიკური დევნის მუხლით დაწყებას ითხოვს.
მისივე თქმით გამოძიებას მტკიცებულებების სახით ინციდენტის დროს გადაღებული ვიდეოკადრები წარუდგინა.
ილია ბაიდოშვილი ნინო გოგოლაშვილის ცემის ფაქტს უარყოფს.
ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით 24 ნოემბერს დაიწყო. ბოდბისხევის ბაზარში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ კამპანიის ფარგლებში, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი და აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდნენ. სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტების განცხადებით, სიღნაღის საკრებულოს წევრებმა „ქართული ოცნებიდან“ და ასევე მათმა მხარდამჭერებმა აქტივისტებს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.