ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი 79 წლის ქალია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკას 18 წლამდე ასაკის 12 მოზარდი ჰყავს.
რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა.
„ბოქსირებულ სექტორში არის 48 პაციენტი. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზის მქონე არის 41. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი 12-ია. ერთი პაციენტი კვლავ რეანიმაციაში რჩება, რომელიც სტაბილურად მძიმეა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
ამასთან, სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკას თეთრიწყაროდან ერთი ახალი პაციენტი ჰყავს. საუბარია 79 წლის ქალზე.
„არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა, დატვირთულია ანამნეზით, კონსილიუმი შეიკრიბება და გადაწყდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, გაგრძელდება ჩვეულებრივ პალატაში, თუ რეანიმაციაში. აღენიშნება თანმხლები დაავადებები, ამასთან დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონია და ცხელება. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა. მის ოჯახში არ არის დადასტურებული „კოვიდ -19“. ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოყვანილია სამი საეჭვო პაციენტი, რომელთა ტესტსაც ველოდებით, ველოდებით ასევე ორი პაციენტის გამოჯანმრთელებასაც“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
რაც შეეხება დაავადების სავარაუდო მეორე ტალღას, სოლოღაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალური დისტანცირებისა და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვა.
„ისე არ შემოგვეპაროს ეს დაავადება, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობით დადგეს, ამან შეიძლება გამოიწვისო ის, რომ ნაკადი ვერ ვმართოთ. როცა იქნება სუფთა პერიოდი, გამოჯანმრთელების ფანჯარა, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დისტანცირება და ყველა ის წესი, რაც მოწოდებულია“,- აღნიშნა სოლოღაშვილმა.