ბოჭორიშვილის კლინიკის სამი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე ანალიზი ხვალ ჩატარდება
ბოჭორიშვილის კლინიკაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ შვიდი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღეს კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად კლინიკიდან ლაბორატორიაში კიდევ სამი პაციენტის ანალიზები გაიგზავნება.
„ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობს. 14 პაციენტიდან შვიდ პაციენტს დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“. გუშინ კვლევაში ჩაერთო ოთხი პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება სამი პაციენტი. დაველოდებით მათ შედეგებს.
არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით ვინც მკურნალობს, სამ პაციენტზე ხვალ გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების შედეგები ლაბორატორიულად. ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოდ მძიმეა, საყურადღებოა მეორე პაციენტთანაც მდგომარეობა. მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საშუალო სიმძიმისაა მათ კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ინფორმაციას ექიმების დაინფიცირების შესახებ, მაკა სოლოღაშვილმა ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ჩვენს კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და არც დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა. დღეს ჩვენ ახალი შემთხვევა არ გვაქვს“, – განაცხადა მაკა სონღლაშვილმა.