ბოჭორიშვილის კლინიკაში თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდან გადაყვანილი სამი ახალი პაციენტიდან ორი ბავშვია
ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლღაშვილის განცხადებით, კლინიკაში სამი ახალი პაციენტია შეყვანილი თეთრიწყაროდან. მისივე ინფორმაციით სამი პაციენტიდან ორი არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი, აქედან 69-ს აქვს „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. 69 პაციენტიდან 19 არის თვრამეტ წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინ დაგვემატა სამი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან და ერთი მოზრდილია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ახლად გადმოყვანილი პაციენტების კლასტერი არის თეთრიწყარო, მესამე პაციენტიც იგივე კლასტერის არის. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 პაციენტი კი, რჩება საყურადღებო. მძიმე პაციენტი, რომელზეც ვსაუბრობდით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის პროცესიც“, – განაცხადა მაკა სოლღაშვილმა.
ამასთან მაკა სოლოღაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში იქნება ყვარლის სასწრაფო დახმარების თანამშრომლის შემთხვევაზე ზუსტი პასუხი.
„ყვარელში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის შემთხვევა უახლოეს პერიოდში გვექნება ზუსტი პასუხი. მედიცინაში არის შემთხვევები, როდესაც საჭიროება დგება ჩაღრმავებული კვლევის და 604 პაციენტში ერთი ასეთი რომ აღმოჩნდეს, მგონი აქ არაფერია გასაკვირია. დღის განმავლობაში იქნება უკვე დადასტურებული ინფორმაცია, რაზეც გავაკეთებთ განცხადებას“, – აღნიშნა მაკა სოლღაშვილმა.