ბოჭორიშვილის კლინიკაში ე.წ. ბოლნისის კლასტერთან დაკავშირებული ოთხი ახალი პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტია მოთავსებული. ოთხივე შემთხვევა ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 48 პაციენტია, აქედან „კოვიდ 19“ დადასტურებული აქვს 26 პაციენტს.
„ოთხი პაციენტი გვყავს ახალი. გუშინ იყვნენ გადმოყვანილები უკვე დადასტურებული დიაგნოზით. აქედან, ერთია 80 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, ერთია 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის, ორი არარისკ ჯგუფის პაციენტია.
კლინიკაში 18 წლამდე ასაკის სულ შვიდი პაციენტია. სამი საყურადღებო პაციენტი გვყავს და ერთი – მძიმე. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
„გუშინდელი პაციენტებიდან ერთი არის მძიმე. ისინი ბოლნისიდან არიან, მათი კლასტერიც არის ბოლნისი. ოთხივე პაციენტი წარმოადგენს ოჯახს და ოჯახის ახლობლებს“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტების გამოჯანმრთელებაზე პასუხებს ორშაბათისთვის ელოდებიან.
ამასთან, როგორც სოლოღაშვილმა აღნიშნა, საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში რვა პაციენტია შეყვანილი.