ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეს ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა
ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ დღეს ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის, ხატია ხატიაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში დღეს ჩატარებული კვლევებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ხატიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა საშუალოზე მძიმედ ფასდება.

„ამ დროისთვის ბოქსირებულ სექტორში სულ არის 69 პაციენტი, აქედან დადასტურებული შემთხვევა არის 58. 18 წლამდე ასაკის არის 10 პაციენტი. ერთი პაციენტი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, რადიოლოგიური კვლევით არის გამოხატული ორმხრივი პნევმონიის სურათი, გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა. დამძიმებულია ამ პაციენტის მდგომარეობა დამძიმებულია,  ხოლო 11 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, საშუალოზე მძიმე, სხვებთან შედარებით.

დღეს ჩატარებული კვლევებით, ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, ასევე ველოდებით რამდენიმე პაციენტის პასუხებს. ხვალიდან ვგეგმავთ ორ პაციენტთან განმეორებით ცხვირ-ხახის ნაცხის აღებას, რომლებსაც პროტოკოლით უწევთ ამ კვლევის განმეორება. ამ დროისთვის გყვავს ოთხი ახალი პაციენტი, მათთან ხვალ დილისთვის მოხდება ნაცხის აღება და ამას დაემატება ორი განმეორებითი კვლევა“,- განაცხადა ინფექციონისტმა.

ხატია ხატიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროს კლასტერიდან მათთან შესული დედა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია. ასევე, ექიმის თქმით, სტაბილურია სასულიერო პირის მდგომარეობა.

„სასულიერო პირის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და განმეორებით კვლევაში ერთვება“,- განაცხადა ხატია ხატიაშვილმა.