ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 პაციენტია, მათგან რვას კორონავირუსისი აქვს დადასტურებული
ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 პაციენტია, მათგან რვას კორონავირუსისი აქვს დადასტურებული

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 23 პაციენტია, მათგან კორონავირუსის რვა დადასტურებული შემთხვევაა, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმმა ინფექციონისტმა, მეგი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინფიცირებულ პაციენტთაგან ხუთის მდგომარეობაა გართულებული, მათ პნევმონია აღენიშნებათ.

„ამ დროისთვის ექვსი ბავშვია ჩვენს კლინიკაში. დღეს 14 პაციენტზე მოხდა ბიოლოგიური მასალის აღება. მასალები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. აქედან ორი არის განმეორებითი კვლევა, რათა მოხდეს დინამიკაში შემოწმება, ვირუსის ელიმინაცია მოხდა თუ არა. ბავშვებთან მკურნალობა მიმდინარეობს ​სიმპტომურად. ერთთან იყო დადასტურებული პნევმონია, ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია დინამიკა. რაც შეეხება მეორე ბავშვს, პნევმონია არ იყო, შესაბამისად პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა მიმდინარეობს. გართულების შემთხვევაში ერთვება ადეკვატური მკურნალობა, მაგალითად, პნევმონია როცა არის, მიდის ანტიბაქტერიული მკურნალობა და შესაბამისი მონიტორინგი“, – განაცხადა მეგი კობახიძემ.

ექიმის თქმით, საყურადღებოა საშუალო ასაკის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, რაც დადასტურებულია რადიოლოგიურად და გრძელდება მისი მკურნალობა. მისივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა საყურადღებოა.

„ამ ეტაპზე არავის გაწერაზე არ არის საუბარი. ეს დამოკიდებულია იმ პასუხებზე, რომლებსაც მივიღებთ ლუგარის ლაბორატორიიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა მეგი კობახიძემ.