ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდებიან  
ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის პაციენტის გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდებიან  

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ ეტაპზე 55 პაციენტი მკურნალობს, აქედან 16 „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 16 კოვიდინფიცირებულიდან შვიდი 18 წლამდე ასაკის პირია.

„18 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში, ოთხი პაციენტი საყურადღებოა ჯანმრთელობის მდგომარეობით, დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელების დადასტურებას ელოდება, ის 18 წლამდე ასაკისაა“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით, ამასთან, კლინიკას ახალი პაციენტიც დაემატა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„დამატებულია ერთი პაციენტი, არა ჩვენთან გამოვლენილი. ის ასაკობრივად რისკფაქტორში არ შედის, დაავადებას ჯერ საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა აქვს“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.