ბოჭორიშვილის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის ათი კოვიდინფიცირებული მკურნალობს
ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 62 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც „კოვიდ-19“ 49-ს აქვს დადასტურებული. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, აღნიშნული პაციენტებიდან ათი 18 წლამდე ასაკისაა.
„ათი არის 18 წლამდე ასაკის პირი. ასევე სამი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. დანარჩენები განაგრძობენ მკურნალობას“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, კლინიკას გუშინ 15 პაციენტი დაემატა, 12 თეთრიწყაროდან და სამი ბოლნისიდან. ძირითადი სიმპტომია ცხელება.
„მათგან ნაწილის მდგომარეობა საყურადღებოა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.