ბოჭორიშვილის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ორ პაციენტთან დაკავშირებით განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია და გამოჯანმრთელებულები კლინიკიდან თვითიზოლაციაში გადაინაცვლებენ.
კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 64 პაციენტი იმყოფება, აქედან კოვიდინფექცია 53-ს აქვს დადასტურებული. კლინიკაში აღნიშნავენ, რომ პაციენტების საერთო მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საყურადღებოა ხუთი ინფიცირებულის მდგომარეობა, რომელთაც პნევმონია აღენიშნებათ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.