ბოჭორიშვილის კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ კი სამ პაციენტს გამოიკვლევენ გამოჯანმრთელებაზე
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ამ დროისთვის 44 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 25 კოვიდინფიცირებულია. კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან შვიდი არასრულწლოვანია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის ინფექციონისტმა, ლაშა ჯავახიშვილმა განუცხადა.
„პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ერთი გვყავს საყურადღებო პაციენტი. დღეს კლინიკიდან გაეწერა ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი. განმეორებით კვლევაში ხვალ ჩაერთვება სამი პაციენტი“, – აცხადებს ლაშა ჯავახიშვილი.
მისივე თქმით, ასევე ელოდებიან ბოჭორიშვილის კლინიკის ცხელების ცენტრში შეყვანილი სამი პაციენტის პირველადი ტესტების პასუხებს.
„მათ რომელიმე კლასტერთან კონტაქტი არ ჰქონიათ. აღენიშნებათ ზოგადი სიმპტომები: ცხელება, საერთო სისუსტე“, – აღნიშნავს ინფექციონისტი ლაშა ჯავახიშვილი.
მისი ინფორმაციით, პირველ ივნისს ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღიათ.