„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინის ხელისუფლების „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატო-ში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს
„ბლუმბერგის“ ცნობით, უკრაინის ხელისუფლების „გამარჯვების გეგმა“ ქვეყნის ნატო-ში მიწვევასა და იარაღის მიწოდების გარანტიებს ითვალისწინებს

საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ე.წ. გამარჯვების გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, ითვალისწინებს უკრაინის ნატო-ში მიწვევას და აშშ-ის ვალდებულებებს თანამედროვე შეიარაღების მუდმივი მიწოდების შესახებ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „გამარჯვების გეგმა“ ასევე მოიცავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მკაფიო გზის განსაზღვრას და სხვა შეთანხმებებს ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში.

გამოცემა წერს, რომ ზელენსკი გეგმის დეტალურ ვერსიას აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მათი შეხვედრისას, 26 სექტემბერს წარუდგენს. ასევე, უკრაინის პირველ პირს სურს, ეს გეგმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს გააცნოს.

მანამდე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების გეგმა ოთხი პუნქტისგან შედგება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ გათვლილია გადაწყვეტილებებზე, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში უნდა იყოს მიღებული.