„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, დონბასის ფრონტის ხაზიდან კურსკის ოლქში ჯარები არ გადაიყვანოს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, არ გადაიყვანოს ჯარები დონბასის ფრონტის ხაზიდან კურსკის ოლქში. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ, რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, რუსეთის არმია არ ასუსტებს შეტევას დონეცკის ოლქში. ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წინ წაიწიეს პოკროვსკის რაიონში, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს.
ამასთან, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, რუსი სამხედროების გარკვეული რაოდენობა მაინც გადაიყვანეს უკრაინის სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კურსკის ოლქში. თუმცა ეს არ გახლდათ ის ნაწილები, რომლებიც დონბასში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებიან.
„ბლუმბერგთან“ საუბარში სამხედრო ანალიტიკოსი იან მატვეევი მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის ძალების კონტროლქვეშ მყოფი დასახლებული პუნქტების დასაბრუნებლად საჭირო იქნება 40-დან 50 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. „ბლუმბერგის“ წყაროს თქმით, კრემლი აპირებს ამ ოპერაციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცების გამოყენებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალები 6 აგვისტოდან ატარებენ მასშტაბურ შეტევით ოპერაციას კურსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის კურსკის ოლქში აკონტროლებენ 1260 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 93 დასახლებულ პუნქტს. სირსკის მტკიცებით, უკრაინული ქვედანაყოფები 28-35 კილომეტრით შეიჭრნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში.
9 აგვისტოდან ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა სასაზღვრო ზონაში შექმნილი სიტუაციის განხილვისას, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონი უკვე დატოვა 133 ათასმა ადამიანმა, დაახლოებით 20 ათასი კი კვლავ სასაზღვრო ზონაში რჩება.
თავის ტელეგრამარხზე სმირნოვმა ასევე აღნიშნა, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მისი თქმით, დაახლოებით 3,5 ათასი კურსკელი მოსწავლე დღეს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში იმყოფება და ისინი დროებით უნდა ჩაირიცხონ იმ სკოლებში, სადაც ამჟამად იმყოფებიან.