„ბლუმბერგი“ - უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ნიდერლანდებმა შესაძლოა, კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს
„ბლუმბერგი“ - უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ, ნიდერლანდებმა შესაძლოა, კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს

უკრაინის ერთ-ერთმა მთავარმა მოკავშირემ შესაძლოა, კიევის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა, გეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამაც ქვეყანაში ბოლო არჩევნები მოიგო, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეამცირონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.

„ჩვენ გვჯერა, რომ არ უნდა გავუწიოთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა იქამდე, ვიდრე ჩვენ არ შეგვიძლია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ვილდერსმა პარლამენტში დებატების დროს.

გარდა ამისა, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, მისმა ორმა პოტენციურმა კოალიციურმა პარტნიორმა, ასევე გამოთქვა ეჭვი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან და კიევის დამატებით ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსული ტელეარხები მიესალმნენ ვილდერსის წარმატებას არჩევნებში, როგორც მოსკოვის გამარჯვებას, რადგან მანამდე ის მხარდაჭერას უცხადებდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

ამავდროულად, ვილდერსი თავის ბოლო გამოსვლაში ცდილობდა, დაერწმუნებინა ჰოლანდიელი კანონმდებლები, რომ ის არ არის „რუსეთის მეგობარი“ და მოსკოვს აგრესორად მიიჩნევს.

„პუტინი საშინელი დიქტატორია“, – აღნიშნა ვილდერსმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ნიდერლანდები უკრაინის მთავარი მოკავშირეა.