საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიასაშუალების „ბლუმბერგის“ (Bloomberg) გადამღები ჯგუფი იმყოფა, რომელიც ქვეყნის შესახებ სამწუთიან ვიდეორგოლს ამზადებს.
„ბლუმბერგის“ წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ესტუმრნენ. მათ თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ რეპეტიცია გადაიღეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ბლუმბერგის“ ფოკუსში მოხვდა ასევე ქართული კულინარიული კერძები, სპეციალურად მათთვის გაიმართა მასტერკლასები. გადამღები ჯგუფის წევრები კახეთში ღვინის მარნებსაც სტუმრობდნენ.
უწყების ინფორმაციით, ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ მომზადდება და „ბლუმბერგის“ არხზე ივნისში გავა. ტელეკომპანიას მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 433 მილიონი მაყურებელი ჰყავს.
„2019 წლის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია „ბლუმბერგზე“ ქვეყნის რეკლამირება მიმდინარეობს. მოხარული ვართ, რომ ვმასპინძლობთ „ბლუმბერგის“ გადამღებ ჯგუფს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემატიკაზე ამზადებს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლს. ის მოიცავს, როგორც ტურისტულ პროდუქტებს, ასევე ფოლკლორსა და კულინარიას. გადაღების შემდეგ ვიდეორგოლი გავრცელდება როგორც „ბლუმბერგის“ ტელევიზიით, ასევე სოციალური ქსელებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტურისტული ცნობადობის ასამაღლებლად“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.