„ბლუმბერგი“ - საქართველო, ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, „ბლუმბერგი“ (Bloomberg) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„საქართველო – ადგილი, რომელიც თავგადასავლების შეგრძნებებს დაგიბრუნებს“, – ამ სათაურით „ბლუმბერგი“ მკითხველს საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ კულინარიასა და ღვინოს აცნობს.
„მოგზაურები ახალ მიმართულებებს ეძებენ, ევროპის უკვე კარგად გათელილი ტურისტული მარშრუტების მიღმა, საქართველო ვიზიტორებს თავგადასავლებს სთავაზობს, რომლებიც მთელი წელი გრძელდება. რთულია, კარგი ამბები უხმაუროდ დატოვო. 2013-2019 წლებში საქართველოში ტურისტების რიცხვი 66 პროცენტით გაიზარდა. პანდემიამდე საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 9.3 მილიონს მიაღწია, საქართველოს მოსახლეობა კი დაახლოებით 3.7 მილიონია. საქართველოს მიმართულებებით პირდაპირი ავიარეისი 53 ქალაქიდან სრულდება.
ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდამ ტურისტული ლოკაციების გადატვირთვა გამოიწვია. ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ვენეცია, ამსტერდამი და ბარსელონა ტურისტებით გადავსებულია, ამ მხრივ საქართველო შედარებით აღმოუჩენილი ქვეყანაა.
„ბლუმბერგის“ ბოლო კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 61 პროცენტი ახალი ტურისტული მიმართულების მონახულებას გეგმავს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ახალ თავგადასავალს ეძებს, სურს, გაეცნოს ახალ კულტურასა და სამზარეულოს. 50 პროცენტს კი ბუნებასთან სიახლოვე სურს
საქართველო საუკეთესო მიმართულებაა, დააკმაყოფილოს ეს სასურველი მოთხოვნები. ქვეყნის სტუმართმოყვარეობის დიდი კულტურიდან გამომდინარე მოგზაურები თბილ დახვედრას ელოდებიან. ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია“, – ნათქვამია „ბლუმბერგის“ სტატიაში, რომლის თარგმანს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სტატიაში დეტალურადაა აღწერილი საქართველოს ბუნება, იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული ძეგლები, საზღვაო და სამთო კურორტები, კერძები და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა „ბლუმბერგი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს. კამპანიის ფარგლებში სამი სტატია მზადდება, რომლებიც სოციალურ ქსელებში განთავსდება (Facebook, Twitter, Instagram).