„ბლუმბერგი“ - გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს
ორგანიზაცია Ifop-Fiducial-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 35%-ს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოლიტიკური ჯგუფი ხმების 18%-ს მიიღებს, თუ მემარცხენე პარტიები შექმნიან ალიანსს, ან მხოლოდ 16%-ს, თუ ისინი დამოუკიდებლად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.
მარინ ლე პენი საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მიესალმა და განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ძალაუფლება, თუ ფრანგები ნდობას გამოუცხადებენ.