„ბლუმბერგი“ - ჩინეთმა რუსეთისგან დისტანცირება სცადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ინტერვენციის მასშტაბი სულ უფრო ნათელი გახდა
„ბლუმბერგი“ - ჩინეთმა რუსეთისგან დისტანცირება სცადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ინტერვენციის მასშტაბი სულ უფრო ნათელი გახდა

ჩინეთმა საკუთარი თავის რუსეთისგან დისტანცირება სცადა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ინტერვენციის მასშტაბი სულ უფრო ნათელი გახდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი” წერს.

მედიასაშუალების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ აბსოლუტურად აუცილებელია, მხარეებმა გამოიჩინონ თავშეკავებულობა, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების კონტროლიდან გასვლა.

„ჩინეთი აკვირდება უკრაინის საკითხის განვითარებას და ამჟამინდელი სიტუაცია არის ის, რისი ნახვაც არ სურს ჩინეთს”, – ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ ვან იმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და ევროკავშირის დიპლომატებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„რიგითი ადამიანების სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოება ეფექტიანად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კერძოდ, საჭიროა, თავიდან იქნას აცილებული ფართომასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისები”, – ციტირების ჩინური სააგენტო „სინჰუა” ქვეყნის მთავარ დიპლომატს.

აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირველი კომენტარი გააკეთა შექმნილ კრიზისზე და ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მოგვიანებით, კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინასთან შესაძლო ნეიტრალური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღნიშნა, რომ პეკინი მხარს უჭერს მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების ინტერესებს.

„ჩინეთი ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა საერთაშორისო ვალდებულებებს და კონსტრუქტიულ როლს ასრულებდა მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვაში”, – აღნიშნულია ვან ის განცხადებაში.

ვან ის ბოლო კომენტარების ტონი განსხვავდება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის ინტერვენციის დასაწყისში გაკეთებული განცხადებებისგან. ხუთშაბათს, როდესაც პუტინმა სამხედრო ოპერაციის დაწყების განკარგულება გასცა, ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე ეჭვქვეშ დააყენა სიტყვა „ინტერვენციის” გამოყენების მართებულობა, ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ შეირაღებული ძალები ქალაქებზე საარტილერიო დარტყმებს არ მიიტანს.