Bloomberg - აშშ-ის იერიშის შედეგად სირიაში 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა
აშშ-ის სამხედრო ძალებმა სირიაში 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამერიკელ და რუს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. როგორც ცნობილი ხდება, რუს მებრძოლებზე იერიში 7 თებერვალს განხორციელდა.
სირიის პრეზიდენტ ასადის მხარეზე მებრძოლი დაქირავებული მეომრები სირიელი ქურთებისა და აშშ-ის მიერ კონტროლირებადი ნავთობის საბადოს შტურმით აღებას შეეცადნენ. საპასუხო იერიშის დროს 200-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა რუსი ან უკრაინელი იყო, რომელიც მანამდე აღმოსავლეთ უკრაინაშიც იბრძოდა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ეს მებრძოლები ასადის რეჟიმმა ნავთობის ქარხნების და საბადოების დასაცავად დაიქირავა.
რუსეთის ოფიციალური პირები სირიაში რუსი მებრძოლების გარდაცვალების ფაქტს უარყოფენ. თუმცა მოსკოვში განაცხადეს, რომ აშშ-ი სირიაში “ეკონომიკური აქტივების” დაკავებას უკანონოდ ცდილობს.
რუსული გამოცემა “კომერსანტი” კი წერს, რომ ნავთობით მდიდარ დეირ ეზ ზორის პროვინციაში 7 თებერვალს მომხდარი ინციდენტი ასადის მოკავშირე მსხვილი ბიზნესმენების მიერ დაქირავებული რუსი მებრძოლების შეტევას მოჰყვა. ისინი ცდილობდნენ ნავთობის და ბუნებრივი აირის საბადო დაეკავებინათ, რომელსაც აშშ-ის მოკავშირე ქურთები აკონტროლებენ.