საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციაზე ლექვინაძემ სტუმრებს ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ 2018 წელს განხორციელებული პროექტებისა და 2019 წელს დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, 2018 წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატში მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკონსულტაციო პროექტის მხარდაჭერით და შვეიცარიის ეკონომიკურ საკითხთა სახელმწიფო სამდივნოს დაფინანსებით ელექტრონული პორტალი ამოქმედდა, რომლის გამოყენებითაც მეწარმეები ბიზნესომბუდსმენს ელექტრონულად უკავშირდებიან და თვალს ადევნებენ შეტანილი განცხადების სტატუსებსა და საქმის მიმდინარეობას. ურთიერთობების ელექტრონული ფორმატის მეშვეობით ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქმიანობის ზუსტი სტატისტიკის წარმოების შესაძლებლობა მიეცა.
ასევე, გასულ წელს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა 316 საქმე განიხილა და 167 შუამდგომლობა, დასკვნა და რეკომენდაცია გასცა. გასულ წელს დასრულებული საქმეების 65 პროცენტში ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მიმართვიანობის მაჩვენებლით კი, თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური აჭარის რეგიონია.
2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით რეგიონში ბიზნესომბუდსმენის ოფისი გაიხსნა და ბიზნესომბუდსმენის მუდმივი წარმომადგენელი დაინიშნა.
ამასთან, გასული წლის ბიზნესომბუდსმენისთვის მიმართვიანობის სტატისტიკის მიხედვით ბიზნესომბუდსმენის აპარატს კერძო სექტორი ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან და სამინისტროში შემავალ სტრუქტურებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავს.
ბიზნესსექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლის, შესწავლის და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი პერიოდულ შეხვედრას ატარებს კერძო სექტორის და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს 1008 შეხვედრა გაიმართა.
გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით 2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატმა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
2018 წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, მსოფლიო ბანკის ჯგუფის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და „იუესაიდის“(USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
ასევე, ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ 20-მდე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმში.
2018 წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის „სასამართლოს მეგობრის“ ფუნქციის გამოყენების არეალი ფართოვდება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა განხორციელდება საერთო სასამართლოების სისტემაშიც.
„აღნიშნული ცვლილება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს საშუალებას მისცემს, მხარი დაუჭიროს ბიზნესსექტორს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმდინარე დავებში. კერძოდ, სასამართლოს წარუდგინოს რეკომენდაცია ან მიავლინოს ადვოკატი დავის პროცესში“, – აღინიშნა ანგარიშის წარდგენისას.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლიდან ბიზნესომბუდსმენის აპარატი იღებს ლიდერის როლს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ 2019-2020 წლების ეროვნულ ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაში ბიზნესის კეთილსინდისირების მიმართულებით.
ანგარიშის პრეზენტაციის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი იან ვან ბილსენი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების, ეკონომიკური გაერთიანებების, სავაჭრო-სამრეწველო პალატების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.